აღმოაჩინეთ აჭარა

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. აჭარას, როგორც საქართველოს შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკას, გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. იგი სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება 1 საუკუნეში სწორედ აჭარის ტერიტორიიდან დაიწყო. ქრისტიანობა აქ ქრისტეს მოციქულებს ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს უქადაგია. ზოგიერთი წყაროს ცნობით ქრისტეს კიდევ ერთი მოციქული მატათა აჭარაშივე, კერძოდ გონიოს ტერიტორიაზეა დაკრძალული.

აჭარა, კერძოდ კი გონიოს ციხის ტერიტორია სიმბოლურ ადგილს წარმოადგენს იმ მიწისა, სადაც ოქროს საწმისის ძიებაში იასონი და არგონავტები ჩავიდნენ, სადაც ჯერ რომისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარები იყო გამაგრებული, ბოლოს კი წითელი არმია.

აჭარაში მდებარეობს შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

აჭარაში მდებარეობს ბათუმის, კვარიათის, სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.

აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია. მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

აჭარის ზღვისპირეთშისუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები. მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალია 24oC დაბლობში და 19oC მაღლობში. ხოლო, ზამთარში ზღვისპირა აჭარაში საშუალო ტემპერატურა 5oC-ია, როცა მაღალმთიან რაიონებში 3oC-მდე აღწევს.

გაზაფხული

თბილი და სასიამოვნოა გაზაფხული აჭარაში, ახლადაყვავებული მაგნოლიების სურნელითა და კამელიებით. დაცული ტერიტორიების, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლად ტურიზმის მიმართულებით აჭარა გაზაფხულის სეზონზე მართლაც რომ გამორჩეულია. სოფლად ტურიზმის მოყვარელებისათვის შესაძლებელია ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და არყის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება და ა.შ.

ზაფხული

ზაფხულში აჭარა უამრავ დამსვენებელს იზიდავს ცხელი ამინდებით და შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟი. ამ პერიოდში აჭარა ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ტურისტებით. აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორ საკურორტო ზონები კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტების სიმრავლით გამოირჩევა.

შემოდგომა

აჭარაში ვიზიტისათვისშემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომა საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი.

ზამთარი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ კურორტ გომარდულსა და გოდერძს. მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს საბაგირო გზა. აქვე შესაძლებელია თხილამურებისა და სპეცტანსაცმლის ქირაობა. ამჟამად ზემოთხსენებულ კურორტებზე რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმროა.